საბერძნეთს შტორმმა "ბორამ" გადაუარა - არის მსხვერპლი

საბერძნეთს შტორმმა "ბორამ" გადაუარა

საბერძნეთში გადაუღებელმა წვიმებმა შტორმი სახელწოდებით "ბორა" გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შტორმი საბერძნეთის სანაპიროს თავს დაატყდა, რის შედეგადა ორი ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ადამიანები კუნძულ ლემნოსზე დაიღუპნენ. ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.

57 წლის ფერმერი წყალმა წაიღო. უამინდობის დროს ის შლამში მოყოლილი საკუთარი ავტომობილის გამოყვანას ცდილობდა, თუმცა მოვარდნილმა ღვარცოფმა ფერმერი ავტომობილთან ერთად წალეკა.
მეორე გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცია, რომელიც აგრეთვე კუნძულ ლემნოსის სოფელ კონტიასის მკვიდრი იყო. ის საკუთარი სახლის სახურავიდან გადმოვარდა.

ლემნოსის გარდა შტორმმა "ბორამ" ზიანი მიაყენა ტურისტულ კუნძულ როდოსს. ამის გამო იქ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე 24-საათიანი შეზღუდვა დააწესეს. როდოსის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ალექსანდროს კოლიადისმა საბერძნეთის მთავრობას კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, უამინდობამ პრობლემები შექმნა ბერძნულ ქალაქ სალონიკიშიც. ერთ-ერთი გემი, რომელიც ქალაქის პორტში იყო გაჩერებული, წყალმა წაიღო და სხვა გემებს შეაჯახა.