საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანტიკური ათენი ძლიერი რეჟიმი იყო, მაგრამ დემაგოგების პოპულიზმზე დამორჩილების გამო დაეცა, ევროპისთვის ეს საფრთხე შიგნიდან მომდინარეობს

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იორგოს გერაპეტრიტისი ევროპისთვის და საერთაშორისო სისტემისთვის სამ ძირითად საფრთხეს ასახელებს.

საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ და საერთაშორისო სისტემამ შესაძლოა, ანტიკური ათენის ბედი გაიზიარონ.

„ათენი ყველა მხრივ გაცილებით ძლიერი რეჟიმი იყო, ვიდრე სპარტა. მაგრამ რატომ დაეცა ის? იმიტომ, რომ თუკიდიდეს მიერ წარმოდგენილი დემაგოგების პოპულიზმს დაემორჩილა … და ევროპისთვის ეს საფრთხე, პირველ რიგში, შიგნით არის“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იორგოს გერაპეტრიტისმა მეორე საფრთხედ „მაკედონიის იმპერიის“ სტილის დაცემა დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს ლიდერობის ნაკლებობამ ან მდგრადი ინსტიტუტების ნაკლებობამ გამოიწვია.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ საერთაშორისო ფორუმებზე არაერთხელ ვაკვირდებით მდგრადი ინსტიტუტების ნაკლებობას, ინსტიტუტების ზოგად დაკნინებას, ასევე ლიდერობის ნაკლებობას. მშვიდობისა და კეთილდღეობის გადარჩენისთვის ინსტიტუტები აუცილებელია. სადაც ინსტიტუციური ხარვეზებია, მათ აუცილებლად შეავსებენ ისინი, ვინც მათი ფუნქციონირების ჩაშლას გეგმავს“, – აღნიშნა საბერძნეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გერაპეტრიტისმა იდეოლოგიური ბრძოლა მესამე მთავარ საფრთხედ დაასახელა.

„იდეოლოგიები, რომლებიც ყველგან ელვისებური სისწრაფით ჩნდება და ფაქტობრივად ყველგან ვრცელდება, შეიძლება ინსტიტუტების ღირებულების შემცირების ფსიქოლოგიურ ბერკეტად იქცეს. ამ იდეოლოგიურმა ბრძოლამ შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას მათ, ვინც ღირებულებებს ეყრდნობა“, – განაცხადა იორგოს გერაპეტრიტისმა.