რუსეთთან მიმართებით ცივსისხლიანად უნდა ვიფიქროთ და არ ვუპასუხოთ პროვოკაციებს - ჯორჯია მელონი

ჯორჯია მელონი

რუსეთთან მიმართებაში ცივსისხლიანად უნდა ვიფიქროთ და არ ვუპასუხოთ პროვოკაციებს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მხრიდან პროვოკაციების გაზრდის მიზანი არის, ხელი შეუშალოს ევროპულ ქვეყნებს უკრაინაში მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაგზავნაში, ასევე, მოსკოვს სურს, დამალოს ზაფხულის შეტევის ჩაშლა.

„ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ, ეს, რა თქმა უნდა, ასეა. ერთი რამ, რაც უნდა ითქვას დრონების კედლებთან დაკავშირებით, არის, რომ უნდა გვახსოვდეს, ალიანსის საზღვრები ძალიან ვრცელია. ასე რომ, შეცდომას თუ დავუშვებთ და მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგს განვიხილავთ, მაგალითად, დავივიწყებთ, რომ არსებობს სამხრეთი ფლანგიც, რისკის ქვეშ ვდგებით, რომ გადამწყვეტად ვერ ვიმოქმედებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ძალიან ფართო დისკუსია იქნება. როგორც იცით, საბოლოო გადაწყვეტილებები დაგეგმილი არ არის, ამიტომ ეს ასევე საშუალებას გვაძლევს, ძალიან გულწრფელი და შინაარსიანი დისკუსია გვქონდეს“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.