რუსეთში მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

მაქსიმ გალკინი

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კომიკოს მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ, რომელიც გმობს უკრაინის ომს. მას რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიქების გავრცელებაში ედება ბრალი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც რუსი დეპუტატი, რომან ხუდიაკოვი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს, გალკინი შესაძლოა დააკავონ თურქეთში და გადასცენ რუსეთს:

„საზოგადოების პროტესტის გათვალისწინებით, მაქსიმ გალკინი პატიმრობაში დაახლოებით შვიდ წელს გაატარებს, გარდა იმისა, რამდენ ხანს იქნება წინასწარ პატიმრობაში განაჩენის გამოტანამდე“,- ამბობს რუსი დეპუტატი.

ცნობისთვის, მაქსიმ გალკინი უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გმობს  სისხლისღვრას. სოციალურ ქსელში ის ომის ყველა საშინელებაზე საუბრობს და გმობს კრემლის კრიმინალურ რეჟიმს.

ისრაელში მან კონცერტები გამართა და თანხა ლტოლვილების დასახმარებლად გადარიცხა.

თავის მხრივ, ალა პუგაჩოვამ, გალკინზე ყველა თავდასხმის შემდეგ, თქვა, რომ ის დაიცავდა ქმარს. ომის პირველ დღეებში ისინი რუსეთიდან ისრაელში წავიდნენ, მაგრამ, პუგაჩოვას თქმით, მალე დაბრუნდებიან სახლში, რადგან ბავშვებს სკოლაში სიარული სჭირდებათ. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხშირად ვრცელდებოდა ჭორები მათი განქორწინების შესახებაც.