რუსეთის მიერ უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ვაშინგტონი მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებს

რუსეთი სანქცია

იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ამ დროისთვის რუსეთის კონტროლს ქვეშ მოქცეულ უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმს ჩაატარებს რუსეთთან მიერთების საკითხზე, ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ ახალი ზომების დაწესებას განიხილავს, მათ შორის მოიაზრება სანქციებიც. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მძლავრი იარაღია.

„რუსეთის ეკონომიკა ძლიერ არის მიჯაჭვული წიაღისეულზე, რომ მათ რეალურად არც აქვთ მრეწველობის სხვა დარგები განვითარებული, რომელიც დააკომპენსირებდა ნავთობიდან და გაზიდან მიღებულ შემოსავლებს. ასე რომ, ეს არის მაგალითი, როგორ მუშაობს ჩვენი სანქციები და აიძულებს რუსეთს გახდეს უფრო პასუხისმგებლიანი“, - განაცხადა პატელმა. 

მანამდე, აშშ-ში რუსეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი არ ეთანხმებიან ამერიკის ფორმულირებას რეფერენდუმთან დაკავშირებით და რომ „რუსეთი რეალურად იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობის დაბრუნებისთვის, ასევე ქმნის პირობებს ნორმალური ცხოვრებისთვის და თანასწორუფლებიანობისთვის ყველა იქ მცხოვრები ადამიანისთვის, განურჩევლად ეთნიკური და ენობრივი განსხვავებულობისა“.