რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.

„სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ აგრესორ ქვეყანაში დამატებითი მობილიზაციის მომზადების შესახებ. ეს, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული არმიის განსაკუთრებით დიდი დანაკარგების კომპენსირებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საოკუპაციო კონტინგენტის გაზრდის ამოცანა დასახა.

„საუბარია, სულ მცირე, დამატებით ათეულობით ათას ადამიანზე. ჩვენ ასევე გვაქვს მონაცემები მობილიზაციის შემდგომი გაზრდის შესახებ - სწორედ ამ მიზნით გაააქტიურა რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. მობილიზაციური განკარგულებების გაცემა“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.