რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი - სანაძლეოს დავდებდი, რომ სამ წელიწადში მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება

ნიკუშორ დანი

რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი აცხადებს, რომ მოლდოვას შესაძლოა, ევროკავშირის წევრი მომავალი სამი წლის განმავლობაში გახდეს.

მისი თქმით, მოლდოვა ყველაფერს გააკეთებს წევრობისთვის, ევროკავშირში კი ამ საკითხის გარშემო ერთსულოვნებაა.

„დარწმუნებული ვარ, მე სანაძლეოს დავდებდი, რომ სამ წელში მოლდოვა გახდება ევროკავშირის წევრი. სირთულეების , განსაკუთრებით გაზის ხუთი-შვიდჯერ გაძვირების მიუხედავად, რუსეთთან მიმართებით ქვეყნის ძალიან მკაფიო პოზიციის გამო, ადმინისტრაცია და მოქალაქეების უმეტესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ამ პოლიტიკურ ციკლში, როდესაც პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ოთხ წელს შეადგენს, მოლდოვა ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ევროკავშირში არის ერთსულოვნება. მოლდოვას მიიღებენ, თუ შეასრულებს ყველა პირობას“, – განაცხადა დანმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია რუმინეთის მხარდაჭერა მრავალ საკითხში, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაში. მისი თქმით, რუმინელი სპეციალისტები მზად არიან, დაეხმარონ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებაში.