1772562813
„როსატომში“ აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული დარგის ხელმძღვანელობასთან კავშირი დაკარგეს
„როსატომის“ თანამშრომლებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გამო ირანის ბირთვული დარგის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა გააკეთა.
„ირანის ბირთვული დარგის ხელმძღვანელებთან კავშირი არ გვაქვს. არც სატელეფონო, არც ელექტრონული. ამ ეტაპზე არც მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასება შეგვიძლია“, – განაცხადა ლიხაჩოვმა.
მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ამსახველი ფოტოები, თუმცა „როსატომს“ „დაზიანებების მასშტაბის შესახებ ინფორმაცია არ აქვს“.
ლიხაჩოვის განცხადებით, სამხედრო მოქმედებების გამო ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც ირანი „როსატომთან“ თანამშრომლობით აშენებს, სამუშაოები სრულად შეჩერებულია.
ამჟამად სადგურზე 639 რუსი თანამშრომელი იმყოფება.
„ჩვენი კოლეგების ნაწილი თეირანში იმყოფებოდა, ისინი უკვე ტოვებენ ქვეყანას. ეტაპობრივად, დარტყმებს შორის პაუზების დროს, ასევე განვახორციელებთ ევაკუაციას ბუშერის მოედნიდანაც“, – განაცხადა ლიხაჩოვმა.
მისივე თქმით, ბუშერის ატომური ელექტროსადგური რუსეთისთვის პრიორიტეტულ პროექტად რჩება და „მათი ხალხი იქ ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება“.
„გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა ირანის ხალხისა და მთავრობის წინაშე“, – განაცხადა „როსატომოს“ ხელმძღვანელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო სამხედრო დარტყმა გამოიწვევს „რეგიონული მასშტაბის კატასტროფას“.
„ეს კონფლიქტის ყველა მონაწილემ უნდა გააცნობიეროს“, – აღნიშნა ლიხაჩოვმა.
ლიხაჩოვის თქმით, სადგურს საფრთხე ემუქრება, რადგანაც მის სიახლოვეს, რამდენიმე კილომეტრში აფეთქებების ხმა უკვე ისმის. მისივე განმარტებით, ეს დარტყმები ჯერ არაა მიმართული ელექტრისადგურის წინააღმდეგ, თუმცა კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად საფრთხეები იზრდება.










