რომის პაპის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

სხვადასხვა

რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ახლახან შევიტყვე პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. ჩემი გული უერთდება მილიონობით ქრისტიანთან მთელ მსოფლიოში, რომლებსაც იგი უყვარდათ. მოხარული ვიყავი, რომ ის გუშინ ვნახე, თუმცა აშკარად ძალიან ავად იყო. მე ყოველთვის მემახსოვრება ქადაგება, რომელიც მან „კოვიდის“ დროს წარმოთქვა. ეს მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ღმერთმა აცხონოს მისი სული“, – წერს ჯეი დი ვენსი.

რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

„დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან შთააგონა მილიონობით ადამიანი, კათოლიკური ეკლესიის მიღმაც, თავისი თავმდაბლობით და სიყვარულით გაჭირვებულთა მიმართ. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ ღრმა დანაკარგს განიცდის. დაე, იპოვონ ნუგეში იმ აზრში, რომ პაპ ფრანცისკეს მემკვიდრეობა კვლავ გაგვიძღვება უფრო სამართლიანი, მშვიდობიანი და თანაგრძნობით სავსე სამყაროსკენ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უსამძიმრებს ყველა კათოლიკეს.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკი გარდაიცვალა. ჩვენ ახლახან შევხვდით რომში და მე მადლობა გადავუხადე პაპ ფრანცისკეს მისი ძლიერი ლიდერობისთვის დაუცველთა და ადამიანის ღირსების დაცვაში. ჩემს სამძიმარს ვუცხადებ მსოფლიოს ყველა კათოლიკეს“, – წერს კაია კალასი.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად თანაგრძნობას უცხადებს ყველა კათოლიკეს მთელ მსოფლიოში.

„ბუენოს აირესიდან რომამდე პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას სიხარული და იმედი მიეცა ღარიბთათვის. დაე, მან დააკავშიროს ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან. იმედია, ეს რწმენა მის შემდეგაც გაგრძელდება. მე და ჩემი მეუღლე თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველა კათოლიკეს და მგლოვიარე მსოფლიოს“, – წერს მაკრონი.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.