1734813647
როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი ხარჯი, თავშესაფრის მოთხოვნის დროს - მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, „დიასპორის სახლის“ წევრი, ირმა კაპანაძე იტალიაში ახალი ჩასულებისა და მათ საყურადღებოდ, ვინც ჰუმანიტარული საბუთის გაკეთებას აპირებს, მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
„იტალიის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ, როცა გადაწყვეტ ამ ტიპის საბუთის გაკეთებას, საჭიროა ე.წ. ოსპიტალიტა, ანუ ვინმემ, ვისაც აქვს ბინის კონტრაქტი, ავსებს სპეციალურ მოდელს, ქვესტურაში (პოლიციაში) მიაქვს და ადასტურებს, რომ ეს პიროვნება არის მასთან სტუმრად.
შემდეგ, თქვენ ტოვებთ პასპორტს ქვესტურაში, მშობლიურ ენაზე დაწერილ მოტივს ქვეყნის დატოვების და თუ დაბრუნდა სამშობლოში, რა რისკი ემუქრება მის სიცოცხლეს. მიზეზი ნებისმიერი შეიძლება დაიწეროს.
არ მოწმდება არანაირი ინფორმაცია თქვენს ქვეყანაში, არც პოლიციიდან და არც კომისიაზე. როგორც ჩაიბარებენ პასპორტს, დაგინიშნავენ ანაბეჭდებს. ორი თვე არ გაქვთ კონტრაქტით მუშაობის უფლება. პ.ს. ეს პროცედურა არ ღირს არც ერთი ევრო, არანაირი გადასახადი არ არსებობს! ქართველები, რომლებიც ამაში ფულს ითხოვენ, არიან ზნედაცემული ღორები!
არც ეს „ოსპიტალიტა“ არ ღირს არაფერი. თუ გყავთ ვინმე გულშემატკივარი, ვინც გაგყვებათ, დაგაკვალიანებთ, იმათ სთხოვეთ. თუ არა, ეცადეთ მარტოებმა გააკეთოთ. ან ის სასწაული თანხები არ გადაიხადოთ, რასაც ითხოვენ!
პირველ ეტაპზე გაძლევენ 6-თვიან ნებართვას, მერე უნდა განაახლოთ. ეს საბუთი არის მხოლოდ შენსა და იტალიას შორის ურთიერთობა! ანუ არც სამსახური, არც სხვა ვინმე ამაში ვერ ერევა შენ სთხოვ იტალიას თავშესაფარს და იტალიამ უნდა გადაწყვიტოს, მოგცეს თუ არა. პროცესი საკმაოდ გაწელილია და კომისიები საკმაოდ გვიან ინიშნება. მანამდე გაქვთ კონტრაქტით მუშაობის უფლება, (საქართველოში ვერ წახვალთ).
მე ვიცი რაც ხდება, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ იტალიაში. ვიცი, რა ფულებს იღებენ ამის გაკეთებაში, მაგრამ მე ფაქტებს არავინ მაწვდის. ეცადეთ, იქნებ თქვენით გააკეთოთ და ამ ღორების ხაფანგში არ გაებათ“, - წერს ირმა კაპანაძე.