Reuters: ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ჰარვარდმა, შესაძლოა, უცხოელი სტუდენტების მიღება ვეღარ შეძლოს

ჰარვარდი

ჰარვარდის უნივერსიტეტმა შესაძლოა უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობა დაკარგოს, თუ ის არ დააკმაყოფილებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნას, გაუზიაროს მათ ზოგიერთი სასწავლო ვიზის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ეროვნული უსაფრთხოების მდივანზე კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს წერილი გაუგზავნა და უნივერსიტეტის უცხოური სტუდენტური ვიზის მფლობელების „უკანონო და ძალადობრივი ქმედებების“ შესახებ ანგარიში მოითხოვა.

„თუ ჰარვარდი ვერ დაადასტურებს, რომ მოთხოვნების შესრულება შეუძლია, მაშინ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების მიღების პრივილეგიას დაკარგავს“, - განაცხადა ნოემმა.

ჰარვარდის წარმომადგენლის განცხადებით, უნივერსიტეტი კვირის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებას კვლავ ინარჩუნებს და „არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას ან კონსტიტუციურ უფლებებს“.

ცნობისთვის, გასული თვის ბოლოს ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჰარვარდისთვის გამოყოფილ 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ კონტრაქტებსა და გრანტებს განიხილავდა, რადგან მისი განცხადებით, უნივერსიტეტის კამპუსებში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაძლიერდა.

მოგვიანებით ტრამპმა შეზღუდვების დაწესება მოითხოვა, მათ შორის პირბადეების ტარების აკრძალვა და მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმება, რათა უნივერსიტეტმა ფედერალური დაფინანსების მიღება გააგრძელოს. კვირის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა.