1770743848
Reuters: თეთრმა სახლმა ჯეი დი ვენსის სოციალური ქსელის ანგარიშიდან წაშალა პოსტი, რომელიც სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდად მოიხსენიებდა
სამშაბათს თეთრმა სახლმა ჯეი დი ვენსის სოციალური ქსელის ანგარიშიდან წაშალა პოსტი, რომელიც სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდად მოიხსენიებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, შეტყობინება შეცდომით გამოქვეყნდა.
ვენსმა, რომელიც სომხეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, დედაქალაქ ერევანში წიწერნაკაბერდის სომეხთა გენოციდის მემორიალი მოინახულა.
ვენსის ოფიციალურ ანგარიშზე პლატფორმა X-ზე ვიზიტი აღწერილი იყო, როგორც „პატივის მიგება 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთათვის“, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაიშალა.
ვენსის თანაშემწემ, რომელმაც ვინობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ შეტყობინება შეცდომით გამოაქვეყნეს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც დელეგაციის შემადგენლობაში არ იმყოფებოდნენ.











