„საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია არის გამოძიების მიერ მოპოვებული და არსებობს საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები“ - ლილუაშვილის საქმის პროკურორი

მარიამ ბერძენიშვილი

საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. სახელმწიფო ბრალდებამ ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.

გადასინჯეს აღკვეთის ღონისძიება. ლილუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია არის გამოძიების მიერ მოპოვებული და არსებობს საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები.

„ვინაიდან ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს შეფარდებული აქვს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა, სასამართლომ იმსჯელა მის პროპორციულობაზე, რელევანტურობაზე, ბრალდების მხარემ წარუდგინა პროპორცია, რომ საფრთხეები რაც არსებობდა პირველი წარდგენის სხდომაზე კვლავ ძალაშია. დაცვის მხარემ მისი პოზიცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე და დღეს, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობა დაეტოვებინა ძალაში. საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია არის გამოძიების მიერ მოპოვებული, ინფორმაციული და არსებობს საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები და ამ ეტაპისთვის, ვინაიდან ჩვენ ჯერ გამოძიება დასრულებული არ გვაქვს, იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას გამოძიებას და სრულყოფილი შედეგი მივიღოთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ვერ მოგახსენებთ იმ მოწმეების შესახებ, რომლებიც საქმეზე არიან გამოკითხული“, - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.