1770756107
Reuters: ჩეხური ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მოძიებას ისახავს მიზნად, გეგმავს 5 მილიარდი ევროს ღირებულების ჭურვების შესყიდვას - ამ დრომდე მხოლოდ 1.4 მილიარდი ევროს მოგროვება მოხერხდა
ჩეხური ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მოძიებას ისახავს მიზნად, გეგმავს მსოფლიო მასშტაბით 5 მილიარდი ევროს ღირებულების ჭურვების შესყიდვას, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 1.4 მილიარდი ევროს მოგროვება მოხერხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროგრამა, რომელშიც ჩეხეთის თავდაცვის უწყებებთან და იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად უცხოელი დონორები - მათ შორის გერმანია, დანია და ნიდერლანდები - მონაწილეობენ, მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას, რათა შემცირდეს მისი ჩამორჩენა ბრძოლის ველზე რუსეთთან მიმართებით.
დეკემბერში, ნატოს უკრაინის დახმარებისა და უსაფრთხოების მომზადების მისია (NSATU) ვარაუდობდა, რომ აღნიშნული ინიციატივა 2025 წელს 1.8 მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდიდა ქვეყანას, რაც კიევისთვის მიწოდებული მთელი საბრძოლო მასალის 43%-ს და ძველი საბჭოთა კალიბრის ამუნიციის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.
ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, აღნიშნა, რომ ამჟამად მსოფლიო ბაზარზე 16 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალაა ხელმისაწვდომი.
ოფიციალური პირის განცხადებით, ნატო მიზნად ისახავს 5 მილიარდი ევროს დახარჯვას, რომელიც ძირითადად ჩეხური სქემის ფარგლებში ასიათასობით საარტილერიო ჭურვის შეძენაზე იქნება ფოკუსირებული. მანვე დასძინა, რომ დონორების მიერ ამ დრომდე მხოლოდ 1.4 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობაა დადებული.









