რესტავრაციის შემდეგ დელაკრუას ცნობილი ნამუშევარი ლუვრში დაბრუნდა

დელაკრუა

რესტავრაციის შემდეგ დელაკრუას ცნობილი ნამუშევარი ლუვრში დაბრუნდა. ნახატი სახელწოდებით „თავისუფლება ბარიკადებზე: 1830 წლის 28 ივლისი" გასული 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვან სარესტავრაციო სამუშაოებს გადიოდა. როგორც ლუვრის დირექტორი, ლოურენს დე კარსი ამბობს, „სპეციალისტებმა დელაკრუას ფერების სპეციფიკური ბრწყინვალება და საოცარი ჰარმონია აღადგინეს".

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამუშაოები პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე უნდა დასრულებულიყო, რათა მსოფლიო შედევრის ნახვა მაქსიმალურად ბევრ ვიზიტორს მოეხერხებინა, თუმცა სპეციალისტებმა რესტავრაცია ვადაზე ადრე დაამთავრეს.

პროექტზე ხელოვნებათმცოდნეები, ბენედიქტ ტრემოლიერი და ლორანს მუნიოტი მუშაობდნენ. მათ დელაკრუას ნამუშევარი ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენებით დეტალურად შეისწავლეს, შემდეგ კი ყურადღებით დააკვირდნენ საარქივო ფოტომასალას, რათა პირვანდელი ფერების დაბრუნება მაქსიმალურად მოეხერხებინათ.

ცნობისთვის, ფრანგი მხატვრის, ეჟენ დელაკრუას ტილო 1830 წლის ივლისის რევოლუციას ასახავს, რომელმაც მეფე ჩარლზ მეხუთე დაამხო. ნახატის ცენტრალური, წამყვანი ფიგურა, რომელიც თავისუფლებას განასახიერებს, ადამიანთა მრავალფეროვან ჯგუფებს მიუძღვება; ბარიკადებისა და დაღუპულთა ცხედრების მიუხედავად, ისინი წინ, გამარჯვებულები მიიწევენ; თავისუფლების კულმინაციურ წერტილს თამამად აღმართული საფრანგეთის დროშა წარმოადგენს.