რეფერენდუმები დასრულდა, მოგესალმებით სახლში, რუსეთში - მედვედევი

მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ-არხზე „რეფერენდუმების შედეგებს“ ეხმაურება.

„რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ცხადია. მოგესალმებით სახლში, რუსეთში“ ,– წერს მედვედევი.

ამ ეტაპზე „ხმების“ 100% დაითვალეს ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ინფორმაციით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა 98.42%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ხერსონში კი 87.05%-მა. რაც შეეხება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას, ამ დრომდე დათვლილია „ხმების“ მხოლოდ 57%, რომელთა 94.75% „მხარს უჭერს“ რუსეთთან შეერთებას.

ე.წ. რეფერენდუმი რომელიც დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა, ამ რეგიონების რუსეთთან შეერთებას, მათ ანექსიას გულისხმობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერც ერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.