რა ხდება, როდესაც ბუზი საკვებს აჯდება და უსაფრთხოა თუ არა ამის შემდეგ ჭამა

ბუზი

ყველა ვთანხმდებით, რომ ბუზები ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი არსებები არიან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩვენს საკვებს ეპატრონებიან. ეს მხოლოდ შემაწუხებელი როდია - შესაძლოა, სულაც ჩვენს ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც წესი, ამის რისკები მცირეა, თუმცა, სანამ ბუზით დაბინძურებული საკვების ბედს გადაწყვეტდეთ, რამდენიმე ფაქტორი შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.

საჭმელზე დაჯდომისას ბუზები მართლა აღებინებენ?


დიახ, საჭმელზე დაჯდომისას ბუზები მართლაც აღებინებენ. მათ კბილები არა აქვთ დასაღეჭად, ამიტომ ფერმენტებით მდიდარ ნერწყვს გადმოანთხევენ ხოლმე, საკვებს ნაწილობრივ შლიან და შემდეგ წაგრძელებული პირით ისრუტავენ.

სახლის ბუზები უმეტესად ლპობადი ორგანული ნივთიერებებით საზრდოობენ: ხრწნის პროცესში მყოფი მცენარეებით, უმი ხორცით, განავლით... ცხოვრების ამგვარი წესიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს მწერები უამრავ მიკრობს დაატარებენ. ვინაიდან ისინი დაბინძურებული გარემოდან ჩვენს სახლებამდე თავისუფლად გადაადგილდებიან, ჩვენი ავადმყოფობის რისკიც არსებობს.

რომელ მიკრობებს ავრცელებენ?


მიმოხილვისას მკვლევრებმა ბუზებში 130 პათოგენი დააფიქსირეს. მათ შორის აღმოჩნდა სოკოები, ვირუსები, პარაზიტები და ბაქტერიები, მათგან ზოგიერთი სახეობა კი სიცოცხლისთვის საშიშიც იყო.

მსოფლიოს მრავალ წერტილში მთავარი საფრთხე საკვებისმიერი პათოგენებია. ამ მიკრობებმა შეიძლება, მოწამვლა და მისი თანმხლები უსიამოვნო სიმპტომები გამოიწვიოს: ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მაღალი ტემპერატურა...

2022 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ფერმიდან 100 სახლის ბუზი შეაგროვეს. დადგინდა, რომ ისინი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო არაერთ საკვებისმიერ პათოგენს ატარებდნენ. მათ შორის იყო: სალმონელა, ეშერიხია კოლი (E. coil), ოქროსფერი სტაფილოკოკი, Bacillus cereus და Bacillus subtilis.

საკითხავი ისაა, არის თუ არა ეს პათოგენები იმდენად ბევრი, რომ ჯანმრთელი ადამიანი დააავადოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ბუზი ეჯდა საკვებს და რამდენი ხნით.

თუკი ახლად მომზადებულ საკვებს სულ ერთი ბუზი დააჯდა ცოტა ხნით, საკვების გადაყრა არაა საჭირო. მიუხედავად ამისა, თუკი საათების განმავლობაში უამრავი ბუზი შეექცეოდა თქვენს ულუფას, უმჯობესია, იგი თქვენ აღარ მიირთვათ.

მსოფლიოს ისეთ წერტილებში, სადაც ტროპიკული დაავადებები ხშირია, საფრთხეც გაცილებით მეტია. სახლის ბუზებს შეუძლიათ, ადამიანის ექსკრემენტებიდან პათოგენები გაავრცელონ და მომაკვდინებელი დაავადებებიც გადაიტანონ, თუნდაც ქოლერა და შიგელოზი. ჯერჯერობით უცნობია, რამხელაა ამის რისკი, თუმცა კვლევით ბუზების პოპულაციების სიმჭიდროვე და შიგელოზის შემთხვევების ზრდა ერთმანეთს დაუკავშირეს ბანგლადეშელ ბავშვებში.