პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს - პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს.

„ის [ტრამპი-პუტინის შეხვედრა] შეიძლება გაიმართოს ორ კვირაში, ან უფრო გვიან. არსებობს საერთო აზრი, რომ ამის გადადება არ ღირს“, - თქვა პესკოვმა.

როგორც პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინისა და ტრამპის შეხვედრამდე ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამართავენ. კრემლში აცხადებენ, რომ რუბიომ და ლავროვმა განსახილველი თემების ნუსხა უნდა ჩამოაყალიბონ და ტრამპისა და პუტინის სამიტში მონაწილე დელეგაციების შემადგენლობა განსაზღვრონ.

ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა და პუტინმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდება.