პრობლემაა, როდესაც მდიდარი ადამიანები იყენებენ რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში, რასაც აკეთებს ჯორჯ სოროსი - ჯორჯია მელონი

ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის.

მელონის თქმით, ჯორჯ სოროსი არის ის, ვინც ერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკაში.

„პრობლემა არის მაშინ, როცა მდიდარი ადამიანები იყენებენ რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში, რათა გავლენა მოახდინონ ეროვნული სახელმწიფოების პოლიტიკურ არჩევანზე, მაგალითად, რასაც აკეთებს ჯორჯ სოროსი“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, სწორედ ეს არის ჩარევა სახელმწიფოების საქმეებში და მათ სუვერენიტეტში.

„პრობლემა არის ის, რომ ილონ მასკი გავლენიანი და მდიდარია, თუ ის, რომ არ არის მემარცხენე?“,- აღნიშნა მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ევროპელი ლიდერების ნაწილი ილონ მასკს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაუარესებაში ადანაშაულებენ.