„საკალანდოდ თუ ჩამოით ხო კაი, გევიხარებთ ბებრები, თუ ვერ მოახერხო, მამა, აგერ გიგზავნი ყოლფერს“ - წერილი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

კალანდა გურიაში

ჟურნალისტი, “ლეიბორისტული" პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ.

მასში ზედმიწევნითაა აღწერილი თბილისში მცხოვრები გურულებისთვის მშობლიური სახლიდან გაგზავნილი სითბო:

„დეკემბრის ბოლოს, რკინიგზის სადგურზე, მამა გურიიდან წამოსულ მატარებლს უცდიდა, ხშირად მეც მივყავდი. ჩემი და-ძმა პატარები იყვნენ, მე კი უკვე დიდი ვიყავი და გურიიდან გამოგზავნილი საახალწლო ნობათით სავსე ჩანთის კიდეში ჩადებული წერილის მოძებნა და მერე წაკითხვა ჩემი მოვალეობა იყო.

წერილებს ხმამაღლა ვკითხულობდი სულ, თან ყელში ბურთი მებჯინებოდა.

საკალანდოდ გიგზავნით შვილო, ღორის ხორცია კაი გაყოლა, 5 წველა ყველი, ნადუღი, ხაჭაპურია კეცის, ჭადის ქფილი, ჯანჯუხე, ინდოური კია გოჭისხელა, დედალი, კვატიე, ხურმა, ხაპი, თხილიც კია პაწე. ადესაა მაქანე კიდო და ოტკაც ჩავდე. საკალანდოდ თუ ჩამოით ხო კაი, გევიხარებთ ბებრები, თუ ვერ მოახერხო, მამა, აგერ გიგზავნი ყოლფერს.

ჩვენ კი ვართ ბებრები ბაღნების მოლოდინში მაინც, ერიგზობა გაციება კი მივილიეთ, ჯერ მე ვიყაი გლახათ, მერე აი დედაბერი შეიქნა მისახედი, მარა ახლა კარგად ვართ.

ჩვენი ჯავრი არ გექნეთ. უთენია, თბილისი-მახარაძის მატარებელი რომ ჩამოდგება, კი ვჩივით სულ ბაღნები იქნება მეიყვანა მატარებელმაო, მარა არ იქნა და არ.

კია, სიცივი და გლახა ამინდები, მარა აი ბაღნები ბუხართან იქნებოდნენ თბილში, აფერს მიაკლებდა ბებიამისი.

საქმე არ შობა თვარა, ვიცი შვილო ჩამეიყვანდი ოჯახს. ჩვენ მაინც ვუცდით მახარაძის მატარებელს ყოველდღე.

თუ ჩამოი, მამა, იცი შენ რაცხა მინდა. ჟურნალ-გაზეთები მაქოური, აი სოფლის ცხოვრება კი მოაქ ფოსტალიონს. მარა აფერი წერია შით. ფილტრიანი სიგარეტი და ერთი კაი წიგნი წამეიმღვარიე, აფერი მაქვს საკითხავი ამ ზამთარს. სა მცალია წიგნიზა, მარა გლახა ამინდი როცხაა, კი მიხარია, მაშვინ თუ წევიკითხავ რაცხას.

დედაშენი აგერ ჯდანა ჯორკოზე ბუხართან, არ მაჩვენებს თვარა თვალები კურცხალით აქვს სავსე, არ ჩივა აფერს, ენატრებით სულ. მე, აღარ მელაპარაკება, მამაზეციერი შეაწუხა ამდენი თხოვნით და ლოცვით“.

ბაბუასგან საკალანდოდ მიღებული წერილი ასეთი იყო სულ. არ მახსოვს არც ბავშვობაში, არც მერე დიდობაში კალანდა გურიაში. არც ნაძვისხე მინახავს ჩვენს ოდაში. არც ჟრიამული. არც ჩვენს ოდაში შემოსული კალანდა. დღემდე, მეფიქრება და მედარდება მათი უსაშველო მოლოდინი. დღემდე მეტკიება ჩვენს ოდაში უბაღნებოდ გათენებული, ბუხრის თავზე შემოდებული ერთი პატარა ჩიჩილაკით შემოსული კალანდა. ბედნიერი კალანდა მინდა გათენდეს საქართველოსთვის! ყველა ბავშვისთვის! ჩვენი ოჯახებისთვის!“ _ წერს ქეთი დოლიძე და დასძენს, რომ წელს მაინც სურდა გურიაში ჩამოსვლა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ვერ შეძლო:

„ამ ახალწელს მინდოდა ჩემი ბიჭები წამეყვანა გურიაში, შობას, კალანდას ჩვენი ოდა გაგვეთბო. დამეცხო გურული ღვეზელები, მოგვერთო ჩიჩილაკი. თვეების წინ, ნაძვისხეც კი ჩავიტანე, სააკალანდოდ გურიაში დაბრუნებას ვგეგმავდი. ახლა აღარაა ამის დრო. ახლა საქართველოს გამარჯვების დროა! მერე ქრისტეშობაც სხვანაირი იქნება და კალანდაც!“