პრინცი ჰარი მეფე ჩარლზს შეხვდა

პრინცი ჰარი და ჩარლზი

პრინცი ჰარი თავის მამას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს შეხვდა - ეს მამისა და შვილის პირველი შეხვედრაა 2024 წლის თებერვლის შემდეგ.

ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ მეფემ პრინცს კლარენს ჰაუსში უმასპინძლა. მათ ჩაი დალიეს. შეხვედრა დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.

ჩარლზი შეხვედრისთვის ლონდონში შოტლანდიიდან ჩავიდა, ჰარი კი, რომელიც 2020 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, სამშობლოში საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩასული.

როგორც BBC წერს, ეს შეხვედრა შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი მამასა და შვილს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე. მაისში, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჰარიმ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან ურთიერთობების აღდგენა სურს.