ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
სანტა-მონიკის პოლიციამ 27 წლის პრესლი გერბერის, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟის გარდაცვალების დეტალები გაავრცელა. შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პოლიციის ინფორმაციით, 2026 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 09:35 საათზე, სანტა-მონიკის პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდო ზედოზირების შესახებ შეტყობინება მიიღეს. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ზრდასრული მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტმა გარდაცვლილის ვინაობა დაადგინა — ის პრესლი გერბერი აღმოჩნდა.
„ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივები იძიებენ გარდაცვალებას, რომელიც, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დადგა. ამ დროისთვის ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღმოჩენილი არ არის. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზსა და გარემოებებს ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი დაადგენს“, — ნათქვამია სამართალდამცველების განცხადებაში.
ვინ იყო პრესლი გერბერი
The Guardian-ის ინფორმაციით, პრესლი გერბერი სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა.
პრესლის მამა ბიზნესმენი რენდი გერბერია. ახალგაზრდა 1999 წელს კალიფორნიაში დაიბადა და ბიზნესმენისა და სუპერმოდელის უფროსი შვილი იყო.
მან სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც IMG Models-თან კონტრაქტი გააფორმა. 2016 წელს კი ლოს-ანჯელესში Moschino-ს Resort-ის ჩვენებაზე პოდიუმზე პირველად გამოვიდა.
პრესლი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Celine, Calvin Klein და Dolce & Gabbana. 2018 წელს კი დედასთან, სინდი კროუფორდთან ერთად, Pepsi-ს სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს.
დამოკიდებულება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
მისი ცხოვრების ბოლო წლები დამოკიდებულებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლას უკავშირდებოდა.
2019 წელს პრესლი გერბერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისთვის დააკავეს. მას სამი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა. გარდა ამისა, მას სავალდებულო პროგრამის გავლა დაეკისრა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა, ასევე — ორი დღის საზოგადოებრივი სამუშაო.
2025 წლის ნოემბერში პრესლიმ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობას დროებით წყვეტდა. ერთი თვის შემდეგ კი Instagram-ზე დაიწყო ვიდეოების გამოქვეყნება ჰეშთეგით MentalHealthWeds — „ფსიქიკური ჯანმრთელობა ოთხშაბათობით“. ვიდეოებში ის საკუთარ მდგომარეობაზე ღიად საუბრობდა.
პრესლი ამბობდა, რომ დახმარებისთვის 15 ფსიქიატრს მიმართა, თუმცა, მისი თქმით, ექიმები მას უამრავ მედიკამენტს უნიშნავდნენ და მათი გამოყენების შესახებ თითქმის არ აძლევდნენ რეკომენდაციებს.
პრესლი გერბერს ასევე აწუხებდა პანიკური შეტევები.
2023 წელს, პოდკასტ Studio 22-ში საუბრისას, მან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები „24-საათიან, კვირაში შვიდდღიან სამუშაოს“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ისტორია სხვა ადამიანებს დეპრესიასა და დამოკიდებულებასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა.
კაია გერბერი ძმის დამოკიდებულებაზე
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, პრესლი გერბერის 25 წლის დამ, მოდელმა კაია გერბერმა, 2026 წლის სექტემბერში ჟურნალ Vogue-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მისი ნარკოდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
კაიას თქმით, ძმის ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლა სულ მცირე ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.