„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის სამხედრო მეთაურებმა პენტაგონს დამატებითი საშტაბო პერსონალი მოსთხოვეს, რათა ირანთან ომი, სულ მცირე, ასი დღე გააგრძელონ

პენტაგონი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა პენტაგონისგან მოითხოვს სამხედრო დაზვერვის დამატებითი თანამშრომლების გაგზავნას ფლორიდის შტაბბინაში, რათა მათ დახმარება გაუწიონ სარდლობას ირანის წინააღმდეგ ომში, სულ მცირე, ასი დღის განმავლობაში, დიდი ალბათობით, სექტემბრამდე, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის სამხედრო უწყება უკვე ანაწილებს ფინანსებს ოპერაციებისთვის, რომლებიც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თავდაპირველად დასახელებული ოთხი კვირაა.

ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, პენტაგონი ცდილობს, რეგიონში უფრო მეტი ანტისარაკეტო სისტემა გაგზავნოს, განსაკუთრებით ეს ეხება მცირე კალიბრის მქონე და უფრო იაფ სისტემებს, რომლებსაც დრონებთან საბრძოლველად გამოიყენებენ.

„პოლიტიკო“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდმა სრულფასოვნად ვერ განჭვრიტა ირანში ომის ფართო შედეგები. ამის კიდევ ერთ ნიშნად გამოცემა ასახელებს იმას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს დამატებით რესურსს ახლო აღმოსავლეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლების ევაკუაციისთვის.

გარდა ამისა, „პოლიტიკოს“ წყაროს ცნობით, ევაკუაციის პროცესს მართავს სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი ხელმძღვანელობა და არა საკონსულოების და ბიუროების თანამშრომლები.

ცნობისთვის, აშშ-ის ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაიწყო. პირველივე დღეს მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. ოპერაციის დაწყებიდან მესამე დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ სამხედრო მოქმედებები ოთხი კვირა ან ცოტა ნაკლები გაგრძელდებოდა. ოპერაციის დროს დაიღუპა ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ირანის ომი შეეხო სპარსეთის ყურის ყველა დიდ ქვეყანას. ირანული დრონები და რაკეტები გაუშვეს არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, ბაჰრეინის და სხვა ქვეყნების მიმართულებით, ხოლო ჰორმუზის სრუტე, რომელზეც გადის ნავთობის ექსპორტის უმნიშვნელოვანესი მარშრუტი, პრაქტიკულად, დაბლოკილია.