POLITICO: ტრამპი ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითებს აგზავნის

მკ

ტრამპის ადმინისტრაციამ დაახლოებით 700 საზღვაო ქვეითს უბრძანა, შეუერთდნენ ეროვნული გვარდიის ძალებს ლოს-ანჯელესში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

საზღვაო ქვეითები არ მიიღებენ მონაწილეობას სამართალდამცავ საქმიანობაში, თუ პრეზიდენტი არ გამოიყენებს ამბოხების აქტს, რაც მათ ძალადობის აღკვეთის უფლებას მისცემს.

არ არის ნათელი, რა როლს შეასრულებენ საზღვაო ქვეითები, მაგრამ ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისინი, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ეროვნული გვარდიის ძალებს, რომლებიც სამართალდამცავების დასახმარებლად გაიგზავნა.

ლოს-ანჯელესში არეულობა გრძელდება. ათასობით ადამიანი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაკრიტიკებლად შაბათს ქუჩებში გამოვიდა.

მოგვიანებით მიტინგი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ტრამპმა კვირას ქალაქში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა, რამაც მომიტინგეებში უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.