Politico: სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო პარიზში უკრაინის, ირანისა და სავაჭრო საკითხების განსახილველად ჩავლენ

სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი პარიზში უკრაინის, ირანისა და სავაჭრო საკითხების განსახილველად ჩავლენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

რუბიოს და უიტკოფის ვიზიტი მიმდინარე კვირას შედგება. ტრამპის სპეცწარმომადგენელი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ხოლო რუბიო მის ფრანგ კოლეგას, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება.

როგორც გამოცემას ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რუბიო პარიზში შეხვედრებს აფრიკაში ვიზიტამდე გამართავს.

Politico-ს ინფორმაციით, უიტკოფი მაკრონთან შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რამდენიმე დღის წინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართავს. ის საფრანგეთის პრეზიდენტთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დეტალებს განიხილავს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, თავის მხრივ, ევროკავშირის მიერ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებში ლიდერის როლს ასრულებს. გამოცემის ცნობით, ეს იქნება ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტი ევროპაში მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი პარიზში გამართული ხელოვნური ინტელექტის სამიტს დაესწრო.