68 წლის კაცი, რომელიც ახმეტაში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა
1761323115
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის ჩინეთში კვირას დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ჩვენი ვიზიტი ახლა არ შედგება, ის გადაიდება“, - განაცხადა პრესსპიკერმა რეგულარულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ გერმანია შეშფოთებულია იშვიათი წიაღისეულის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებით.
საგარეო უწყების პრესსპიკერმა უარი თქვა დაესახელებინა, თუ რომელმა ქვეყანამ გააუქმა ვიზიტი და აღნიშნა, რომ გერმანიისთვის დასანანია ეს ფაქტი, მათ შორის, ჩინეთის მნიშვნელობის გათვალისწინებით, როგორც ქვეყნისა, „რომელსაც ისე, როგორც სხვას არავის, გავლენა აქვს რუსეთზე უკრაინის წინააღმდეგ ომში“.
Politico-ს ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან გამონაკლისის სახით დაგეგმილი შეხვედრის გარდა, გერმანელი მინისტრის ვიზიტის პროგრამაში ჩინურ მხარესთან სხვა შეხვედრები არ იყო. ეს ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო ვიზიტისთვის საკმარისი შეხვედრების ორგანიზება.
გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი დიდი ალბათობით ბერლინსა და პეკინს შორის ურთიერთობაში კრიზისს შექმნის, ვინაიდან ვიზიტი უქმდება იმ ფონზე, როცა ბოლო რამდენიმე თვეში, გერმანიისა და ჩინეთის ურთიერთობები გაუარესდა - პეკინის მიერ იშვიათი წიაღისეულის ელემენტებისა და მიკროჩიპების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების, ასევე გერმანიის კრიტიკის გამო ტაივანის მიმართ პოზიციისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოქმედების გამო.
საგარეო საქმეთა მინისტრის ჩინეთში გამგზავრება თავდაპირველად კვირას იყო დაგეგმილი, რის შესახებაც მან ხუთშაბათს, Reuters თავად განუცხადა. ვადეფული აპირებდა პეკინზე ზეწოლას, რათა შემსუბუქებულიყო იშვიათი წიაღისეულისა და ნახევარგამტარების ექსპორტის შეზღუდვები, ასევე, განეხილათ რუსეთისთვის უკრაინაში ომის დასრულებისკენ იძულების საკითხი.