პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინელ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენება შეუძლიათ საზღვრის ნებისმიერ მონაკვეთზე და არა მხოლოდ ხარკოვის ოლქის მახლობლად

pentagoni

აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინელ სამხედროებს ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ შეუძლიათ საზღვრის ნებისმიერ მონაკვეთზე და არა მხოლოდ ხარკოვის ოლქის მახლობლად. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ძალები ცეცხლს ხსნიან საზღვრის მიღმა, უკრაინის შესაძლებლობა, უპასუხოს სახმელეთო ძალებს აშშ-ის მიერ მოწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით, არის თავდაცვა“, – აცხადებს რაიდერი.

პენტაგონის პრესსპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი საკუთარ საზღვარს იყენებს როგორც უსაფრთხოების ზონას, საიდანაც თავდასხმებს ახორციელებს უკრაინაზე, ხოლო უკრაინას შეუძლია და უფლება აქვს, თავი დაიცვას. რაიდერმა ასევე უპასუხა კითხვას – ეხება თუ არა ამერიკული იარაღის გამოყენება ხარკოვის გარდა სხვა ტერიტორიებსაც.

„ეს სწორია და აქ აქცენტი კეთდება სტრატეგიულ განზრახვაზე, რაც ნიშნავს საპასუხო ცეცხლის გახსნას, მაშინ, როდესაც თავს გესხმიან“, – განაცხადა რაიდერმა.