აბსოლუტურად წაშლილი არის ზღვარი რადიკალურ ოპოზიციასა და რადიკალურ „ენჯეო“ ორგანიზაციებს შორის. რანაირად უნდა დააკვირდნენ ობიექტურად პროცესებს, როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი დანაყოფი და მიკერძოებულები არიან - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

აბსოლუტურად წაშლილი არის ზღვარი რადიკალურ ოპოზიციასა და რადიკალურ „ენჯეო“ ორგანიზაციებს შორის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ეს კიდევ ერთი ლუსტრირება გახლდათ ამ ყველაფრის. მანამდე ჩვენ რაც ვიხილეთ, ქალბატონი ლომჯარია, ქალბატონი გიგაური და ასე შემდეგ, ჩვეულებრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები არიან. 49 „ენჯეო“ ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული ცესკოში იმისთვის, რომ დააკვირდეს არჩევნებს და 53% არის პირდაპირ მიკერძოებული და მხარე. ასეთი სამწუხარო რეალობაა და ბატონმა გივი მიქანაძემ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები წარმოადგინა. ამ „ენჯეო“ ორგანიზაციების წევრები და დამფუძნებლები გახლავთ რიგ შემთხვევაში კონკრეტული ოპოზიციური ოპოზიციური პარტიების შემომწირველები და ასე შემდეგ. რანაირად უნდა დააკვირდნენ ისინი ობიექტურად პროცესებს, როდესაც ჩვეულებრივად ოპოზიციის ერთ-ერთი დანაყოფი და მიკერძოებულები არიან”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული.