პემ ბონდი: დავიცავთ ჩვენს ეკლესიებს, დავიცავთ სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს. დავაკვირდი მინეაპოლისში ვითარებას და პროტესტი აშკარად კარგად ორგანიზებულია

პემ ბონდი

მინეაპოლისში ეს იმიტომ ხდება, რომ იქ არის დემოკრატი მერი და დემოკრატი გუბერნატორი, რომელთაც მინეაპოლისი თავშესაფარ ქალაქად გამოაცხადეს, კარი გაუღეს ყველაზე საშინელ დამნაშავეებს და მათ იცავენ, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ გაგზავნა პრეზიდენტმა ტრამპმა მინეაპოლისში სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრები.

„დავიცავთ ჩვენს ეკლესიებს, დავიცავთ სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს. დავაკვირდი ადგილზე ვითარებას და პროტესტი აშკარად კარგად ორგანიზებულია. მათ აქვთ ძალიან ძვირადღირებული და ერთნაირი აირწინაღები. ისინი ქუჩებში პრობლემების შესაქმნელად გამოდიან, ცდილობენ ხელი შეუშალონ ჩვენს ოფიცრებს და ამას არ დავუშვებთ. საპასუხოდ ვიბრძოლებთ ჩვენი ხალხის დასაცავად“, - განაცხადა ბონდინ.

ქალაქ მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი - 37 წლის ალექს პრეტი მოკლეს. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. თუმცა, შტატისა და ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა პრეტის გარდაცვალებამდე განვითარებული მოვლენების შესახებ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე თვეში, როდესაც ქალაქში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საემიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების გამკაცრების კამპანიის ფარგლებში, ფედერალურმა აგენტებმა ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს. დაახლოებით 3 კვირის წინ, საემიგრაციო აგენტებმა ამავე ქალაქში რენე გუდი მოკლეს.