ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით... - ბარბარა სამხარაძემ შეყვარებულის პროფესია გაამხილა
1769366903
საბერძნეთის ქალაქ სერესის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. 60 წლის მასწავლებელი, რომელიც ამავდროულად სკოლის დირექტორია, დააკავეს 13 წლის მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით. ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს.
მოსწავლის დედის საჩივრის მიხედვით, შემთხვევა გასულ ხუთშაბათს მოხდა. მასწავლებელმა ბიჭს „ხმაურის გამო“ პირი წებოვანი ლენტით დაულუქა. თავდაპირველად მან ეს ბავშვის ტყუპისცალ დას სთხოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონამ უარი განაცხადა, პედაგოგმა თავად დააკრა ბავშვს სამი ფენა ლენტი პირზე.
გარდა ამისა, მან სხვა მოსწავლეს უბრძანა, დაება ბიჭისთვის ხელები. არასრულწლოვანი ამ მდგომარეობაში მთელი საგაკვეთილო საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ ის სხვა მასწავლებელმა არ აღმოაჩინა და არ გაათავისუფლა.
დედის განცხადებით, დირექტორი ბავშვს დასცინოდა და „მუმიად ქცევით“ ემუქრებოდა, ხოლო მეორე დღეს დაემუქრა, რომ უფრო დიდი ზომის წებოვან ლენტს გამოიყენებდა. პედაგოგი დაკავებულია და მას ბრალად ედება უკანონო ძალადობა და დაუცველი პირის მიმართ ფიზიკური ზიანის მიყენება.
საბერძნეთის განათლების სამინისტრომ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. გენერალურმა მდივანმა იანის პაპადომარკაკისმა გასცა ბრძანება სასწრაფო გამოძიების დაწყების შესახებ. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, რათა სრულად იქნას შესწავლილი ინციდენტის გარემოებები და დაცული იქნას სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოება.