1728312638
პარიზის ნოტრ-დამის ქვეშ ორი სარკოფაგი აღმოაჩინეს - ცნობილია, ვის ეკუთვნოდათ გვამები
სამი წლის წინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ზარალის შესაფასებლად, ასევე რესტავრაციის ხანგრძლივ პროცესში დახმარების მიზნით, ადგილზე არქეოლოგები მოიწვიეს. 2022 წლის დასაწყისში ტაძრის გათხრებისას მკვლევრებმა ორი უჩვეულო ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს. თითოეული მათგანი საუკუნეებით თარიღდება, თუმცა შიგნით მოთავსებულ პირთა ვინაობა აქამდე უცნობი იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ახლახან მეცნიერთა მიგნებების შესახებ შევიტყვეთ: სარკოფაგებში არსებული ნეშტები ორ მდიდარ კაცს ეკუთვნის. აქედან ერთი სამღვდელოებასთან დაკავშირებული პირია. მეორე ახალგაზრდა და დიდგვაროვანი გახლდათ, თუმცა, ფიზიკური ნიშნების მიხედვით, რთული ცხოვრება უნდა ჰქონოდა.
ნეშტები ერიკ კრუბიზმა, ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პროფესორმა (ტულუზის უნივერსიტეტი), შეისწავლა. მეცნიერის თქმით, პირველი სუბიექტი კუბოზე არსებული ფირფიტის მეშვეობით ამოიცნეს - იგი ანტუან დე ლა პორტი გახლდათ, რომელიც 1710 წლის 24 დეკემბერს 83 წლისა მოკვდა.
დე ლა პორტი კანონიკი იყო - სამღვდელოების წევრი, რომელიც საკათედრო ტაძარზე აგებდა პასუხს. იგი საკუთარ სიმდიდრეს ნოტრ-დამის მგალობელთა გუნდის მხარდასაჭერად იყენებდა. სავარაუდოდ, ტრანსეპტის ცენტრალური ნაწილის ქვეშ სწორედ ამიტომ დაკრძალეს — ამ ადგილს ელიტის წარმომადგენლებს უნახავენ.
მეორე სარკოფაგს ზედ სახელის ფირფიტა არ ჰქონია, ამიტომაც ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნის ნეშტი. სიკვდილის დროს კაცი (მეტსახელად "ლე კავალერი") 25-40 წლისა გახლდათ. სხეულზე დატოვებული ნიშნებით, იგი ადრეული ასაკიდანვე ჯირითობდა და კბილების უმეტესობა სიცოცხლის ბოლო რამდენიმე წლისა თუ თვის განმავლობაში დაკარგა. კრუბეზი ვარაუდობს, რომ მისი სიკვდილი ტუბერკულოზისაგან გამოწვეულმა ქრონიკულმა მენინგიტმა განაპირობა.