ორიგინალი ბირკინი იყიდება - ჯეინ ბირკინის Hermès-ის ჩანთა აუქციონზე გამოიტანეს

ბირკინი\

 მოდის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ფრანგული მოდის სახლის, Hermès-ის მიერ წარმოებული ბირკინის ჩანთა, რომელსაც სახელი ჯეინ ბირკინის პატივსაცემად შეურჩიეს, მხოლოდ ჩანთა არაა — ეს ყველაზე სასურველი, მიუწვდომელი აქსესუარი სტატუსის სიმბოლო და საუცხოო ინვესტიციაა.

რომელი ბირკინი შეიძლება იყოს იმაზე ძვირფასი, ვიდრე ორიგინალი, რომელიც თავად ბრენდის მუზას ეკუთვნოდა?

ბირკინი, რომელიც ინგლისელ მოდელს, მსახიობსა და მომღერალს, ჯეინ ბირკინს ეკუთვნოდა, 10 ივლისს პარიზში Sotheby’s-ს აუქციონზე გაიყიდება. 



ცნობილი, როგორც "ორიგინალი ბირკინი", ჯეინ ბირკინის კუთვნილი შავი ტყავის ჩანთა ამ კლასიკური ლუქს-აქსესუარის პირველადი ვერსიაა. Sotheby’s-ის განცხადებით, ჩანთის შექმნის იდეა დაახლოებით 40 წლის წინ გაჩნდა თვითმფრინავში ჯეინ ბირკინსა და Hermès-ის მაშინდელ გენერალური დირექტორის, ჟან-ლუი დიუმას შორის შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ.

"არსებობს იშვიათი მომენტები მოდის სამყაროში, როდესაც რომელიმე ნივთი სცდება ტრენდებს და ლეგენდად იქცევა. ჯეინ ბირკინის ორიგინალი ბირკინის ჩანთა სწორედ ასეთი შემთხვევაა," — თქვა მორგან ჰალიმიმ, Sotheby’s-ის ხელჩანთებისა და მოდის დეპარტამენტის გლობალურმა ხელმძღვანელმა. 


ჰალიმის თქმით, ეს ჩანთა "ისეთივე წონიანი ნივთია, როგორიც პრინცესა დაიანას ცნობილი "შავი ცხვრის" ჯემპრი ან ბრიტანელი როკვარსკვლავის — ფრედი მერკურის გვირგვინი და მანტია."

"ისევე, როგორც ამ ნივთებს, ორიგინალ ბირკინსაც აქვს პოტენციალი, დაამხოს რეკორდები," — დასძინა ჰალიმიმ.

დღესდღეობით ბირკინი ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთაა მსოფლიოში. ახალი ბირკინის ფასი მის მასალაზე, ზომასა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი ღირებულება $9000-დან ასიათასობით დოლარამდე მერყეობს.