ორბანმა უკრაინის ევროკავშირში მიღების გეგმა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ომის გამოცხადება“ უწოდა

ვიქტორ  ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის გეგმა უკრაინის ბლოკში რაც შეიძლება სწრაფად მიღების თაობაზე და ამას უნგრეთის წინააღმდეგ „ომის ღია გამოცხადება“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

როგორც POLITICO-მ ორშაბათს განაცხადა, ევროკომისია უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარების გეგმას ამუშავებს, რაც შესაძლოა ქვეყანას ევროკავშირის ნაწილობრივ წევრობას სთავაზობდეს, ვიდრე ის ყველა საჭირო რეფორმას დაასრულებს.

„მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინა ევროკავშირში უკვე 2027 წელს მიიღონ. ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადებაა. ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და განზრახული აქვთ, ნებისმიერი საჭირო საშუალებით ჩამოაშორონ უნგრეთის მთავრობა ხელისუფლებას. მათ სურთ, რომ სათავეში პარტია „ტისა“ მოვიდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს ვეტო, აღარ იქნება წინააღმდეგობა“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

„აპრილში, საარჩევნო ყუთებთან, უნგრელებმა უნდა შეაჩერონ ისინი. „ფიდესი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და ის უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტიაა“, - დასძინა მან.