მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს
1760539965
შვედეთის მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში პირველად მიიღო გადაწყვეტილება, ჩრდილოეთ რეგიონებში მარცვლეულის საცავები ააშენოს იმ შემთხვევისთვის, თუ ომის დროს ეს რეგიონები ქვეყნისგან მოწყვეტილი აღმოჩნდება.
მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიზნისთვის გათვალისწინებულია 575 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 60 მილიონი ამერიკული დოლარი).
15 ოქტომბერს ნორბოტენში, ვესტერბოტენში, ვესტერნორლანდსა და იემტლანდში მარცვლეულის საცავების აღჭურვისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამჟამად ეს რეგიონები მარცვლეულს ქვეყნის სამხრეთ ნაწილებიდან იღებენ.
„ჩრდილოეთ შვედეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო თვალსაზრისით და წარმოადგენს ტოტალური თავდაცვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს. სწორედ ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ აქ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები მარცვლეულის საგანგებო მარაგების შესაქმნელად, რაც კრიზისის შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს მოსახლეობას საკვებით“, – განაცხადა ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა.
„ტოტალური თავდაცვის“ კონცეფცია შვედეთმა 2015 წელს აღადგინა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ და კიდევ უფრო გააძლიერა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ.
კონცეფცია გულისხმობს საზოგადოების რესურსების მობილიზებას, რათა შეიარაღებულ აგრესიას კოლექტიურად გაუწიოს წინააღმდეგობა და შენარჩუნებული იყოს ქვეყნის ძირითადი ფუნქციები.
შვედეთის სოფლის მეურნეობის საბჭოს შეფასებით, მოსახლეობის 90–95%-ს შეუძლია, სამი თვის განმავლობაში იკვებოს მხოლოდ მარცვლეულით ისე, რომ საკვები ნივთიერებების დეფიციტი არ განიცადოს. ეს გათვლა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ომის დროს ადამიანის ენერგიის საჭიროება საშუალოდ დღეში 3000 კალორიამდე იზრდება.