ომის დასრულების ამერიკული გეგმა - ტრამპი ჯერ ზელენსკისთან, შემდეგ კი პუტინთან შეხვედრას გეგმავს

 ტრამპი

ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ომის დასასრულის დასაწყისი უკვე დაწყებულია. მოლოდინი ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა და მისმა სამშვიდობო რიტორიკამ გააჩინა.

დიდი პოლიტიკური მოლაპარაკებების წამმზომი, შესაძლოა, მომავალი კვირიდან ჩაირთოს. დონალდ ტრამპის გზავნილი, ოვალურ კაბინეტში გამართული პრესკონფერენციიდან იყო, რომ ჯერ ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება უნდა შეწყდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დიალოგს მხოლოდ ომში უკრაინის მონაწილეობით განიხილავს.

როგორც გამოცემა "ბლუმბერგი" წერს, უკრაინაში ომის დასრულების გეგმას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თებერვალში გაასაჯაროებს და ეს, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც მოხდეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გეგმა კიტ კელოგმა უნდა წარადგინოს. განსახილველი საკითხების ჩამონათვალშია - პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსი, ასევე კიევისთვის დაუკონკრეტებელი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.

წინ დიპლომატიური დიალოგია, რომელსაც ომში მყოფი ქვეყანაც და დანარჩენი მსოფლიოც იმედებით ელის. საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინასა და რუსეთის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი, რომელიც "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინას ბირთვული იარაღის დაბრუნების ნულოვანი შანსი აქვს. მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინაში ომის დასასრულებლად ეს საკითხი არ უნდა დაიდოს.

მანვე გაახმოვანა ამერიკის პრეზიდენტის სურვილიც, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა საჭირო, მას შემდეგ, რაც შეთანხმებას მიაღწევენ და ცეცხლი შეწყდება. გამოცემა "როიტერი" იმასაც წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინული მთავრობისთვის ჯერ არ მიმართავს საპრეზიდენტო არჩევნების 2025 წლის ბოლომდე ჩატარებასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მკაფიო გზავნილები აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტი გამორიცხავს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობას გულისხმობს. გასულ კვირას, მედიაში დასახელდა ადგილიც, სადაც შესაძლოა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, ოღონდ უკრაინის პრეზიდენტის გარეშე. ზელენსკი კი დიალოგის ამ ფორმატს სახიფათოს უწოდებს. ის ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის გარდა, მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის წარმომადგენლებმაც.

ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვები აქვს ამერიკის მიერ გამოყოფილ დახმარებასთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ რეალურად 177 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, ომში მყოფმა ქვეყანამ მხოლოდ 76 მილიარდი მიიღო. ამ ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლი, კიტ კელოგი განმარტავს, რომ გამოყოფილი თანხის ნაწილი შტატებში იარაღის წარმოებაზე იყო მიმართული, რომელიც ასევე კიევში გაიგზავნებოდა.

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ტრამპი შეძლებდა დაესვა პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ გააძლიერებდა სანქციებს რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წინააღმდეგ და ასევე, მხარს დაუჭერდა კიევის სამხედრო დახმარებას. გასულ კვირას უკრაინაში ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის, კიტ კელოგის კიევში ვიზიტიც იყო დაგეგმილი, რომელიც იურიდიული მიზეზების გამო გადაიდო. მისი განცხადებით, ტრამპი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააორმაგოს, რათა აიძულოს მოსკოვი, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.

ომში მყოფი ქვეყნისთვის დიალოგში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება. უკრაინული მხარისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება კვლავ რჩება პრიორიტეტად, რასაც ზელენსკიმ უსაფრთხოების "ყველაზე იაფი ვარიანტი" უწოდა, რომელიც ამერიკისთვისაც მომგებიანია. ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებას კი სურს, რომ უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად გამოცხადდეს და ოფიციალურმა კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე უარი საბოლოოდ თქვას.

ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე, ვის რისი დათმობა მოუწევს მშვიდობის სანაცვლოდ - ეს დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა უნდა გადაწყვიტოს. რუსეთისა და ამერიკის ლიდერების შეხვედრის სავარაუდო ადგილი, შესაძლოა საუდის არაბეთი იყოს.