ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალა

ოლეგ პანფილოვი

ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ცოლი, ოქსანა მასლაკი ავრცელებს.

ოლეგ პანფილოვს საქართველოს მოქალაქეობა 2008 წელს მიენიჭა. რუსეთის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი საცხოვრებლად თბილისში 2009 წელს გადმოვიდა და მიზეზად რუსეთში შექმნილი ვითარება დაასახელა.

"საქართველოში ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი რუსეთში ბოლო დროს შექმნილი სიტუაციაა. როცა ქვეყანაში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, ობიექტური ინფორმაცია და ხალხს ეშინია თავისუფლად აზრის გათქმის, დიახ, ეს პოლიტიკას უკავშირდება", - ამბობდა პანფილოვი და აღნიშნავდა, რომ მას რუსეთში ინტერნეტით ემუქრებოდნენ.

"ადამიანები გამოხატავდნენ ზიზღს ჩემ მიმართ, როცა საქართველოს ვიცავდი; ქვეყნის მტერს მეძახდნენ, როცა ვამბობდი, რომ 2008 წლის ომი რუსული აგრესია იყო. მიუღებელია საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ფიქრიც კი, იმპერიალიზმი დემოკრატია ნამდვილად არ არის", - ამბობდა პანფილოვი.

მოგვიანებით, მან სტატიების კრებულიც გამოსცა - ანტისაბჭოთა ისტორიები.