ოლაფ შოლცმა ლანდტაგის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ საკითხზე ჩვენება მისცა

 ოლაფ შოლცი

გერმანიის ფედერაციის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი მეკლენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის (პარლამენტის) საგამოძიებო კომისიის წინაშე საჯარო ჩვენებით წარდგა. ის დაკითხეს მოწმის სახით, რათა გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოებები დაედგინათ.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, დეპუტატებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რა როლი შეასრულა ფედერალურმა მთავრობამ კლიმატისა და გარემოს დაცვის ფონდის შექმნაში. ეს ფონდი მეკლენბურგ-წინა პომერანიის ლანდტაგმა 2021 წელს დააარსა და სწორედ მისი საშუალებით დასრულდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა.

ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების წინაშე გამოსვლისას, ოლაფ შოლცი მოკლედ პასუხობდა კითხვებს და ხშირად მიუთითებდა, რომ დეტალები არ ახსოვს.

როგორც ყოფილმა კანცლერმა აღნიშნა, ფონდის შექმნის იდეა „უბრალოდ ცნობად მიიღო“, მაგრამ არ ჩარეულა, რადგან ეს ფედერალური მიწის მთავრობის კომპეტენცია იყო. მისივე თქმით, არ იცის, ვინ წამოიწყო ფონდის შექმნის პროცესი – მიწის მთავრობამ თუ ოპერატორმა კომპანიამ, რომელმაც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ააშენა.

ამასთან, შოლცმა დაადასტურა აშშ-ის ხაზინის მდივნისთვის გაგზავნილი წერილის არსებობა. საუბარია მისი ფინანსთა მინისტრობისას, 2020 წლის აგვისტოში ამერიკის მთავრობისთვის გაგზავნილ წერილზე, რომლითაც ამერიკელ კოლეგა სტივენ მნუჩინს შესთავაზა, რომ გერმანია ააშენებდა ტერმინალებს აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტისთვის, სანაცვლოდ კი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მოითხოვა.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ის წერილის ერთადერთი ავტორი არ იყო და მის შედგენაში კანცლერის ოფისიც მონაწილეობდა.

შოლცმა ასევე გაიხსენა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, 2022 წლის თებერვალში უარი თქვა უკვე აშენებული გაზსადენის ამოქმედებისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე.

ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიაში ბოლო ათწლეულების ყველაზე საკამათო პროექტად მიიჩნევა. მას მოსკოვის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად მიიჩნევენ. ამავე გაზსადენის მშენებლობის საკითხზე მანამდე კომისიამ უკვე გამოკითხა რამდენიმე სხვა ცნობილი მოწმე – ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, ყოფილი საგარეო მინისტრი ზიგმარ გაბრიელი და მეკლენბურგ-წინა პომერანიის ყოფილი პრემიერი ერვინ ზელერინგი. ისინი, შოლცის მსგავსად, სოციალ-დემოკრატები არიან. კომისია გეგმავს გამოძიების დასრულებას 2026 წელს, ვიდრე ფედერალური მიწის შემდეგი არჩევნები გაიმართება.