ნიდერლანდები და დანია უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემენ - „ევროპეისკაია პრავდა“

ტანკი

ნიდერლანდები და დანია ერთობლივად უკრაინას Leopard 2A4 ტიპის ტანკებს გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა უკვე ამ ზაფხულს ასეთი ტიპის 14 ტანკს მიიღებს.

„უკრაინას ბრძოლის ველზე მძიმე ბრძოლების გათვალისწინებით დიდი სამხედრო დახმარება სჭირდება. ამ ტანკებს უკრაინული არმიის რუსეთის ძალებისგან დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ნიდერლანდები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად უკრაინას იმდენ მხარდაჭერას აღმოუჩენენ, რამდენიც საჭირო იქნება“, - ციტირებს გამოცემა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრს რუბენ ბრეკელმანსს.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებმა და დანიამ უკრაინას 14 ერთეული ტანკი Leopard-ი გასულ წელსაც გადასცეს.