ნაერთი, რომელმაც ადამიანის უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა - კვლევა

ექიმები

 შესაძლოა, ფსილოციბინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები ფსიქიკურ სფეროს გასცდეს. ადამიანის უჯრედებსა და თაგვებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ პირველი ექსპერიმენტული მტკიცებულება გამოავლინა, რის მიხედვითაც, ნაერთს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და დაბერების ნიშნების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

ფსიქოდელიური პრეპარატის სახით ფსილოციბინის გამოყენების პოტენციალი, როგორც წესი, დეპრესიის, შფოთვისა და სხვა ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ მოიაზრება. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურ დაბერებაზე მისი შესაძლო ზემოქმედების შესახებ პირდაპირი კვლევები ჩატარებული არ იყო.

ახალი კვლევისთვის, აშშ-ში ემორის უნივერსიტეტისა და ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა ფსილოციბინი ადამიანის უჯრედებსა და ცოცხალ თაგვებზე გამოცადეს. ორივე შემთხვევამ სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი ზრდა აჩვენა - დამუშავებული უჯრედები 50 პროცენტით მეტხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე დაუმუშავებელი. მკვეთრად გაეზარდათ სიცოცხლის ხანგრძლივობა თაგვებსაც.

„ახალი კვლევა იძლევა ძლიერ კლინიკურ მტკიცებულებას, რომ ფსილოციბინმა შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო ჯანსაღ დაბერებას. საუბარია არა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, არამედ ცხოვრების უკეთეს ხარისხზეც", - ამბობს ალი ჯონ ზარაბი, ემორის უნივერსიტეტის მეცნიერი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ზრდასრული ადამიანის კანის უჯრედები და ნაყოფის ფილტვის ფიბრობლასტები ფსილოციბინით დაამუშავეს. საუბარია ნაერთზე, რომელსაც ჩვენი სხეულის მეტაბოლიზმი ფსილოციბინად შლის. ამის შემდეგ უჯრედებს იქამდე აკვირდებოდნენ, სანამ ისინი დაბერების პროცესამდე მიაღწევდნენ. საუბარია იმ მდგომარეობაზე, რა დროსაც უჯრედები დაყოფის უნარს მნიშვნელოვნად ამოწურავენ.

100 მიკრომოლის კონცენტრაციით დამუშავებულ ფილტვის უჯრედებს დაბერებამდე 57%-ით მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე დაუმუშავებლებს. რაც შეეხება დამუშავებულ კანის უჯრედებს, ამისთვის მათ 51%-ით მეტი დრო დასჭირდათ. 

თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, 19 თვის ასაკის მდედრ თაგვებს (რაც ადამიანში 65 წელს შეესაბამება) ყოველთვიურად ფსილოციბინის დოზას აძლევდნენ. 10-თვიანი მკურნალობის შემდეგ, ფსილოციბინით დამუშავებული თაგვების 80% ცოცხალი იყო, მაშინ როდესაც საკონტროლო ჯგუფში თაგვების მხოლოდ 50% იყო ცოცხალი.

მიუხედავად იმისა, რომ დაბერების ნიშნები მეთოდურად არ იყო შესწავლილი, ფსილოციბინით დამუშავებულ თაგვებს სიბერისთვის დამახასიათებელი ნაკლები ნიშნები ჰქონდათ. საუბარია ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა ბეწვის ხარისხი და თეთრი ბეწვის დიდი რაოდენობა.

„ეს შედეგები ხანდაზმულებში ფსილოციბინით მკურნალობის მიზანშეწონილობას ადასტურებს", - წერენ მკვლევრები.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამ მიმართულებით დამატებითი კვლევების საჭიროებაზე საუბრობენ.