მზად ვართ სომხეთთან ნდობის აღსადგენად ნაბიჯების დასაწყებად, იყო ინიციატივები ქართველი მეგობრებისგან, ჩვენ დადებითად ვუპასუხეთ, ველოდებით სომხური მხარის პოზიციას - ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი

სამწუხაროდ, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციამ არ მისცა საშუალება სამხრეთ კავკასიას, განვითარებულიყო მეტ-ნაკლებად ინტეგრირებულ რეგიონად. ამისთვის ყველა შანსი გვქონდა, თუმცა აგრესიამ, განადგურებამ, აზერბაიჯანელი ხალხის ტანჯვამ არ მოგვცა საშუალება, ეს მომხდარიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, სამხრეთ კავკასია არ იყო ინტეგრირებული ეკონომიკური, სატრანსპორტო დერეფნების, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. თუ შევხედავთ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს, ჩვენ დავინახავთ ჩემ მიერ ახლა ხსენებულ ყველა სეგმენტს – ენერგოუსაფრთხოებას, სატრანსპორტო დერეფნებს, პოლიტიკურ დიალოგს, ინვესტიციებს, ეკონომიკურ უპირატესობას. სომხეთმა ეს ყველაფერი საკუთარ თავს წაართვა, ოკუპაციისა და აგრესიის შედეგად მან წაართვა საკუთარ თავს შესაძლებლობა, გამხდარიყო აზერბაიჯანული რესურსებისთვის და სატრანსპორტო მარშრუტებისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ნავთობის, გაზის, თუ ტვირთების მთელი ტრანზიტი აზერბაიჯანიდან გადის საქართველოს გავლით, სომხეთს ჰქონდა შესაძლებლობა, ყოფილიყო ამ პროცესის ნაწილი. ეს მათი ბრალია, მათ არასწორად გათვალეს მომავალი განვითარება და ეკონომიკური მომავალი, რეალური დამოუკიდებლობა „დიდი სომხეთის“ ოცნებას შესწირეს. როგორც კი სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება, სამხრეთ კავკასიისთვის არ იქნება დაბრკოლება, რომ სცადოს, იყოს ინტეგრირებული რეგიონი. ვფიქრობ, ეს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი სიტუაცია. ვიყოთ რეალისტები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ დაუყოვნებლივ გავხდებით მეგობრები სომხეთთან, ეს არ არის რეალისტური. ეკონომიკურ ინტეგრაციაზე საუბარიც ნაადრევია, თუმცა პატარა ნაბიჯების გადადგმის დაწყება ნდობის აღსადგენად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ბოლო დროს იყო გარკვეული ინიციატივები ჩვენი ქართველი მეგობრებისგან და ჩვენ დადებითად ვუპასუხეთ. ასე რომ, ველოდებით სომხური მხარის პოზიციას და თუ ეს მოხდება, შესაძლებელი იქნება პატარა ნაბიჯების დაწყება, როგორიცაა ჟურნალისტების, ინტელექტუალური წრეების წარმომადგენელთა ვიზიტების გაცვლა, შესაძლოა, ტრანსსასაზღვრო მდინარეების საკითხზე ერთობლივი სხდომები, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან სომხეთი აბინძურებს მდინარე არაქსს და ასევე, საჭიროა მდინარე მტკვართან აზერბაიჯანისკენ მარშრუტზე სათანადოდ მოპყრობა. ყველაფერს ამას შეიძლება ჰქონდეს პრაქტიკული შედეგი და ასეთი პატარა ნაბიჯებით ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ უნდობლობის შემცირება. ნდობის შენებას წლები სჭირდება, თუმცა მზად ვართ, სულ მცირე, შევამციროთ უნდობლობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.