მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღება დაამტკიცა, ხოლო პრემიერმა არ გამორიცხა ელექტროენერგიის გეგმური გამორთვების შესაძლებლობა

მოლდოვა

მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღება დაამტკიცა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრუ მუნტიანუმ არ გამორიცხა ელექტროენერგიის გეგმიური გამორთვების შესაძლებლობა, რადგან უკრაინაზე რუსეთის დარტყმების გამო „ვითარება კვლავ რთული რჩება“.

საგანგებო მდგომარეობის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს წარედგინება.

„რეალობა ჩვენ გარშემო უფრო მკაცრი გახდა [...] რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი მეზობელი ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ურტყამს. ამავდროულად, ეს ქმნის ჯაჭვურ ეფექტებს მთელ რეგიონში და უკვე პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე აქ, მოლდოვის რესპუბლიკაში. რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგების უგულებელყოფა აღარ შეიძლება“, - განაცხადა მუნტიანუმ.

საგანგებო მდგომარეობა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს იმოქმედოს სწრაფად და კოორდინირებულად, რათა შეამციროს კრიზისის შედეგები, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოს ძირითადი მომსახურებების შეუფერხებელი მიწოდება.

ეს ხელს უწყობს ოპერატიულ ჩარევას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, საჭირო რესურსების გამოყოფას „ისაკჩა-ვულკანეშტის“ ხაზის აღსადგენად, ასევე ტარიფების მოკლე ვადებში კორექტირებას საწვავის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობის უზრუნველსაყოფად.