მიდგომა, რომელიც ევროპარლამენტში გვაქვს, ვფიქრობ, არასწორია, რადგან დიპლომატია ასევე მოიცავს იმათთან საუბარს, ვინც განსხვავებულად ფიქრობს - ტომაშ ფროლიხი

ტომაშ ფროლიხი

მიდგომა, რომელიც ევროპარლამენტში გვაქვს, ვფიქრობ, არასწორია, რადგან დიპლომატია ასევე მოიცავს იმათთან საუბარს, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ტომაშ ფროლიხმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზრის ჩამოყალიბების პროცესი მეორე მხარესთან მოსაზრებების გაცვლასაც გულისხმობს.

„მოსაზრებების გაცვლა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. შესანიშნავია, რომ დღეს აქ იმყოფებით და შეგვიძლია მოვუსმინოთ თქვენს განცხადებებს. თუმცა მჯერა, რომ აზრის ჩამოყალიბების პროცესი ასევე გულისხმობს მეორე მხარესთან მოსაზრებების გაცვლასაც. ეს მიდგომა, რომელიც გვაქვს ევროპარლამენტში, ვფიქრობ, არასწორია, რადგან დიპლომატია ასევე მოიცავს იმათთან საუბარს, ვინც განსხვავებულად ფიქრობს“, – განაცხადა ფროლიხმა.

ამასთან, ფროლიხი დაინტერესდა, თუ როგორ აისახა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე USAID-ის გასვლა.

ცნობისთვის, სხდომაზე ევროპარლამენტის წევრებმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის მისიის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოში 26-28 მარტს იმყოფებდნენ. ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ლაშა ბუღაძე, ბექა ყორშია, ქეთი ქერაშვილი.