მექსიკაში ნარკობარონის, „ჩაპო ისიდროს“ დაკავების ოპერაციას 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკა

მექსიკის შტატ სინალოაში ნარკობარონად ცნობილი ფაუსტო ისიდრო მესას, მეტსახელად „ჩაპო ისიდროს“ დაკავების სპეცოპერაციის დროს 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ოთხი სამხედრო მოსამსახურეა. ინფორმაციას მექსიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერაციის დროს კრიმინალური დაჯგუფების შვიდი სავარაუდო წევრი დაიღუპა, კიდევ რვა ადამიანი კი დააკავეს. დაკავებულთაგან სამი, მათ შორის ფაუსტო ისიდრო მესა, მეხიკოში გადაიყვანეს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სპეციალიზებულ პროკურატურას გადასცეს. დანარჩენი ხუთი პირი კი კულიაკანის პროკურატურას გადაეცა.

თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ სამხედრო მოსამსახურეები გუასავეს მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მიემართებოდნენ, როდესაც დაიღუპნენ. უწყების ვერსიით, კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს და მათი ხელმძღვანელის დაკავებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ.

სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს Barrett-ის ტიპის შაშხანა, კიდევ ათი ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარმტყორცნი, ორი ხელყუმბარა, საბრძოლო მასალა, ტაქტიკური აღჭურვილობა, ნარკოტიკული ნივთიერებები და ფული.

დაკავებების შემდეგ სინალოას შტატის სხვადასხვა რაიონში გზები გადაკეტეს და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. ხელისუფლებამ გზების გასათავისუფლებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ძალები გაგზავნა.

დაკავებამდე ფაუსტო ისიდრო მესა FBI-ის მიერ ძებნილ ათ ყველაზე საშიშ დამნაშავეს შორის იყო. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მას ბრალი წაუყენეს, მათ შორის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ფულის გათეთრებისა და იარაღთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის.

✕