რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ევროკავშირი არ შემოიღებს ახალ სავაჭრო პრეფერენციებს უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც მათი მოქმედების ვადა 5 ივნისს ამოიწურება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ევროკავშირის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოგვიანებით ცვლილებები შევა თავისუფალი ვაჭრობის ზონის პირობებში, რომელიც დამტკიცებულია უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.
წყაროს ცნობით, 2025 წლის 5 ივნისის შემდეგ, როდესაც სავაჭრო პრეფერენციების რეჟიმი დასრულდება, ვაჭრობის პირობები ომამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, თუმცა შემდეგ ევროკავშირი უკრაინულ მხარეს გარკვეულ ხელსაყრელ ცვლილებებს შესთავაზებს.
„6 ივნისიდან ამოქმედდება ავტონომიური სავაჭრო ზომები - უკრაინისთვის სავაჭრო პრეფერენციები, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის სრულმასშტაბური აგრესიის დაწყების შემდეგ შემოიღო, დასრულდება. პირობები ომამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. დასრულდება როგორც სავაჭრო პრეფერენციები, ასევე შეზღუდვები, რომლებიც ამჟამად დაწესებულია მთელი რიგი სასაქონლო დასახელებების მიმართ, როგორიცაა ქათმის ხორცი, კვერცხი, თაფლი და სხვა“, - განაცხადა წყარომ.
„შემდგომში ევროკავშირი გააგრძელებს დისკუსიებს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 29-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ, რათა შეიმუშავოს ორივე მხარისთვის მაქსიმალურად მომგებიანი სავაჭრო პირობები და მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკას, რომელიც ომისგან ზარალდება“, - დასძინა წყარომ.