მარკო რუბიომ ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა

მარკო რუბიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუბიომ საგარეო უწყების ხელმძღვანელებს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა პაჰალგამში თავდასხმის დაგმობის აუცილებლობას.

„სახელმწიფო მდივანმა პაკისტანის წარმომადგენლებს ამ მიუღებელი თავდასხმის გამოძიებაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა პაკისტანს, ითანამშრომლოს ინდოეთთან დაძაბულობის შესამცირებლად, პირდაპირი კონტაქტების აღსადგენად და სამხრეთ აზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ინდოელ კოლეგასთან საუბრისას მარკო რუბიომ მწუხარება გამოთქვათავდასხმის დროს ინდოეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო და დაარწმუნა, რომ აშშ გააღრმავებს თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლაში.

ცნობისთვის, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები 22 აპრილის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქაშმირის შტატის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში თავდასხმა მოხდა. შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ინდოეთში განაცხადეს, რომ სამი თავდამსხმელიდან ორი პაკისტანის მოქალაქე იყო. ამ ფონზე ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და რიგი სხვა ზომები მიიღო. მათ შორის როგორც პაკისტანში ინდოეთის, ისე ინდოეთში პაკისტანის მოქალაქეების ნაწილს ვიზები გააუქმეს. ინდოეთმა უარი თქვა წლების განმავლობაში მოქმედი წყლის რესურსების გაზიარების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე, პაკისტანმა კი ინდოეთთან ვაჭრობა შეწყვიტა და ინდურ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

დაძაბულია ვითარება სასაზღვრო ხაზზეც, გადასავლელების ჩაკეტილია და მხარეები პერმანენტულად იტყობინებიან სროლის შესახებ. პირველ მაისს პაკისტანი მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.