მარკო რუბიო: ისრაელი საკმარისად მდიდარია, რომ იარაღი თავად შეიძინოს, ტრამპს სურს, სამხედრო დახმარება რაც შეიძლება მალე შეწყდეს

მარკო რუბიო

ისრაელი საკმარისად მდიდარია, რათა იარაღი თავად შეიძინოს. ტრამპს სურს, სამხედრო დახმარება რაც შეიძლება მალე შეწყდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელი „საკმარისად აყვავებული და მდიდარია“, რათა ამერიკული იარაღი სამხედრო დახმარებაზე დამოკიდებულების გარეშე შეიძინოს.

„ამ საკითხს ურთიერთგაგების მემორანდუმზე მოლაპარაკების პროცესში განვიხილავთ. თუმცა პრეზიდენტის მოლოდინი ასეთია: ისრაელი დღეს უკვე იმდენად აყვავებული და მდიდარი ქვეყანაა, რომ მას იარაღის შეძენა თავადაც შეუძლია. მათ შეუძლიათ, იარაღი ჩვენგან შეიძინონ, მაგრამ მისი დაფინანსება ჩვენ აღარ უნდა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელს, სურვილის შემთხვევაში, სრულიად შეუძლია, წლის ბოლომდე უარი თქვას დახმარებაზე.

„სხვათა შორის, ისინი თავადაც აწარმოებენ შეიარაღებას, ამიტომ, ურთიერთგაგების მემორანდუმი, შესაძლოა, გარკვეული სახის ერთობლივ წარმოებასაც ითვალისწინებდეს“, – განაცხადა რუბიომ.

✕