მარკ რუტე ევროკავშირს მოუწოდებს, არ შეიქმნას თავდაცვის ინდუსტრიაში ბარიერები

მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ევროკავშირს მოუწოდებს, არ შექმნან ბარიერები, რომლებიც ხელს შეუშლის NATO-ს წევრი ქვეყნების კომპანიებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის თავდაცვით ინდუსტრიულ ინიციატივებში.

ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუტემ განაცხადა, რომ მიესალმება გეგმას, სახელწოდებით ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამა, თუმცა სიფრთხილისკენაც მოუწოდა.

„ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ მოკავშირეებს შორის ახალი ბარიერების შექმნას, რაც მხოლოდ გაზრდის ხარჯებს, გაართულებს წარმოებას და შეაფერხებს ინოვაციას. ევროკავშირის თავდაცვით ინდუსტრიულ ძალისხმევაში არაწევრი მოკავშირეების ჩართვა, ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ტრანსატლანტიკური თავდაცვითი ინდუსტრიული თანამშრომლობა ყველას გვაძლიერებს“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა NATO-ს წევრია, სამხედრო ალიანსის ზოგიერთი მთავარი წევრი, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი, არ არიან ევროკავშირის წევრები.

„იმ დროს, როდესაც რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი უპრეცედენტო დონემდე ზრდიან თავიანთ თავდაცვით ინდუსტრიულ თანამშრომლობას, მოკავშირეებს შორის ახალი ბარიერების შექმნა თვითდაზიანების ტოლფასი იქნება“, – განაცხადა რუტემ.