მაია სანდუ - მოლდოვა ევროკავშირში არა 10-20 წელიწადში, არამედ უახლოეს ოთხ წელიწადში უნდა გაწევრიანდეს

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვა ევროკავშირში არა 10-20 წელიწადში, არამედ უახლოეს ოთხ წელიწადში უნდა გაწევრიანდეს. ამის შესახებ სანდუმ პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა თქვა, მთავრობის მთავარი მიზანია, შეინარჩუნოს მშვიდობა და თავისუფლება, რისი მიღწევაც ევროკავშირში უფრო იოლია.

„გვახსოვდეს, რაც გვინდა ყველაზე მეტად და ყველა შიდა უთანხმოებით, წყენებით და განსხვავებებით წავიდეთ წინ საერთო გზით, რომელიც უზრუნველყოფს სამ მნიშვნელოვან რამეს: უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას და უსაფრთხოებას ჩვენი ოჯახებისთვის; მეორე – სტაბილურობას და ეროვნულ ერთობას; მესამე – ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას. ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობისა და თავისუფლების უზრუნველყოფა გაცილებით იოლი იქნება, როდესაც ჩვენ ევროკავშირში ვიქნებით. სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ დღე და ღამე მუშაობა, რომ ევროკავშირს შევუერთდეთ, რაც შეიძლება მალე. არა 10-20 წელიწადში, არამედ უახლოეს ოთხ წელიწადში“, – განაცხადა სანდუმ.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ეს იოლი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.