ლუქსემბურგმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერისთვის 10 მილიონი ევრო გამოყო

ქსავიე ბეტელი

ლუქსემბურგმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერისთვის 10 მილიონი ევრო გამოყო, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა კიევში, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ანდრეი სიბიგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ბეტელმა აღნიშნა, რომ უკრაინას 10 მილიონ ევროს გამოუყოფენ ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში „გრძელვადიანი ენერგეტიკული მდგრადობის მხარდასაჭერად“.

„ენერგეტიკის ფონდი მიმართული იქნება კრიტიკულ საჭიროებებზე, დაწყებული აღჭურვილობისა და საწვავის შეძენით, დამთავრებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით“, – აღნიშნა სიბიგამ.

ამასთან, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ფონდისთვის ერთი მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.

როგორც აღინიშნა, თანხა „16-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ფსიქოლოგიური დახმარების პროექტის მხარდაჭერას“ მოხმარდება.

„ეს ტრავმული გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იზრდებიან ომის რეალობაში“, – აღნიშნა ბეტელმა.

შეგახსენებთ, 14 მარტს, კანადის მთავრობამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 33,4 მილიონი ევრო შეიტანა. მანამდე, ისლანდიამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 2 მილიონზე მეტი ევრო გადარიცხა, ხოლო 22 მარტს, ნიდერლანდებმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 65 მილიონი ევროს შეტანის გადაწყვეტილება მიიღო.