1737377042
ლიეტუვური მედია: ლიეტუვაში 2024 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
ლიეტუვაში 2024 წელს 1990 წლის შემდეგ შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ქვეყნის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ლიეტუვაში 18 979 ბავშვი დაიბადა, რაც 1990 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
როგორც მედია წერს, ფინანსური სირთულეები და კულტურული ცვლილებები აიძულებენ ახალგაზრდებს უარი თქვან ბავშვების გაჩენაზე. ხოლო ისინი, ვინც მაინც აჩენს, ერთი, ორი ბავშვით იფარგლება.
ლიეტუვის სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრის ინგა რაუგინენეს განცხადებით, დაბალი შობადობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ადამიანებს ბავშვების აღზრდის საშუალება არ აქვთ.
„ცხოვრება ძვირდება, ჩვენი ახალგაზრდობა თვლის და ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ოჯახს სახლის ყიდვა უჭირს. საჭიროა საკმარისი შემოსავლის ქონა, ამიტომაც ახალგაზრდები რამდენიმე სამსახურში მუშაობენ, რათა პირველადი შესატანის თანხა დააგროვონ. ამიტომაც ოჯახის შექმნა მეორე პლანზე გადადის“, - თქვა მინისტრმა.
ლიეტუვური მედია სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით 2015 წლიდან შობადობის მაჩვენებელს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის წლიდან წლამდე კლებულობს.
მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვის მოსახლეობა ბოლო რამდენიმე წელიწადში გაიზარდა, ეს მიგრაციისა და ემიგრანტების დაბრუნების ხარჯზე მოხდა.